რუსეთში ცნობილი სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და ომში გაუშვეს

რუსი სერიული მკვლელი იური გრიცენკო, რომელსაც „ზელენოგრადის ჩიკატილოს“ ეძახდნენ, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Настоящее Время ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ექვსი ქალის მკვლელობის გამო მსჯავრდებული ში ს მხარეს საბრძოლველად წავიდა.
გრიცენკოს, რომელიც 62 წლისაა, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო 2023 წლის სექტემბერში ვადაზე ადრე დატოვა. Настоящее Время-ს ცნობით, მსჯავრდებულმა თავად ითხოვა ომში ფულის სანაცვლოდ წასვლა.
იური გრიცენკო რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია. პირველი მკვლელობა 1993 წელს ჩაიდინა, როცა ქალი ტაფით სიკვდილამდე სცემა, რისთვისაც 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხე მაშინაც წელიწად-ნახევრით ადრე დატოვა. ამის შემდეგ კიდევ 5 ქალი მოკლა, 10 კი მის თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა.
გრიცენკო მსხვერპლებს თავს ძირითადად ზელენოგრადის ტყე-პარკში ესხმოდა და დარტყმას ზურგიდან აყენებდა, რათა იმ შემთხვევაში, თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, მისი ამოცნობა ვერ შესძლებოდათ. 2021 წლის ნოემბერში გრიცენკო ქალს მოსკოვის მეგობრობის პარკში დაესხა თავს და თვითმხილველებმა პოლიციის მოსვლამდე მისი შეჩერება შეძლეს.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა მასობრივად დაიწყო ციხეებიდან და კოლონიებიდან პატიმრების საომრად გაგზავნა. 2023 წლის გაზაფხულამდე ისინი ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ, შემდგომ კი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებთან აფორმებდნენ კონტრაქტებს.
„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში 6 თვით ბრძოლის სანაცვლოდ შეწყალებას იღებდნენ, თუმცა, როგორც BBC-მ გაარკვია, იანვრიდან პირობები შეიცვალა და შეწყალების მსურველ პატიმრებს რუსეთის ჯარში საკონტრაქტო სამსახური ომის დასრულებამდე მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის