რუსეთში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76

რუსეთის ივანოვოს ოლქში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76. ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც 15 ადამიანი იმყოფებოდა, „გეგმური ფრენის” დროს ჩამოვარდა. მიზეზად დასახელებულია აფრენისას ერთ-ერთ ძრავაში გაჩენილი ხანძარი. კატასტროფა დღის პირველი საათისთვის მოხდა.
ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი. მათ შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს იუწყება. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 15-ვე დაიღუპა.
ამავე სააგენტოს ცნობით, ილ-76 ივანოვოს ოლქის სოფელ ბოგოროდსკოეში ჩამოვარდა. სოფლის სასაფლაოს მცველმა „ტასს“ უამბო, რომ თვითმფრინავი სასაფლაოს მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა და აფეთქდა.
2024 წლის იანვარში, ილ-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ბელგოროდის ოლქშიც, რომელიც ს ესაზღვრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები და ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ ამ თვითმფრინავში სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.