რუსეთში შესვლის და გასვლის წესები იცვლება
რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის წესებისა და პირობები იცვლება, – ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, რუსეთი მიმდინარე წლის 30 ივნისიდან ექსპერიმენტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შესულ უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ სთავაზობენ, რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში გაიარონ და რუსეთში შესვლაზე განაცხადი მობილური აპლიკაცია ruID-ის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარადგინონ. ruID-აპლიკაციით განაცხადის შევსება ნებაყოფლობითია.
„2025 წლის 30 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2024 წლის 7 ნოემბრის №1510 დადგენილებით მიღებული „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის წესებისა და პირობების აპრობაციის ექსპერიმენტის“ მეორე ეტაპი (შემდგომ-ექსპერიმენტი).
ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზო რეჟიმით შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, წინასწარ სთავაზობენ გაიარონ რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში და ელექტრონული ფორმით წარადგინონ განაცხადი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ruID მობილური აპლიკაციის მეშვეობით.ყურადღებას ვამახვილებთ ექსპერიმენტის ფარგლებში ruID აპლიკაციის გამოყენებით რუსეთის ფედერაციაში შესვლის განაცხადის შევსების ნებაყოფლობითობაზე.
შევსებული განცხადების არარსებობა გავლენას არ მოახდენს სასაზღვრო კონტროლის ჩატარებაზე და არ იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის საფუძველი.ruID აპლიკაციის გამოყენებით განცხადების შევსების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ წვდომა რიგ უპირატესობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციაში მათი კომფორტული ყოფნის უზრუნველყოფას.
მითითებული მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა წინასწარ შეამოწმონ, აქვთ თუ არა მათ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე შეზღუდვები. გარდა ამისა, აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია გამოყენებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქის ციფრული პროფილის შესაქმნელად, რომელიც მომავალ პერსპექტივაში უზრუნველყოფს სამთავრობო უწყებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებას სრულად ელექტრონული ფორმით, რითაც შემცირდება ადმინისტრაციული და სხვა ბარიერები სახელმწიფო მომსახურების მიღების დროს (ნებაყოფლობითი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის პოლისის შეძენა, თვითდასაქმებულად რეგისტრაცია და ა.შ.).
რუსეთის ფედერაციაში შესვლისას, შესვლის განაცხადებაში მოცემული მონაცემების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომატურად მიენიჭება SNILS-ი (ინდივიდუალური პირადი ანგარიშის დაზღვევის ნომერი), რომელიც აუცილებელია საკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულების დადებისას (SIM ბარათის შეძენა).
ყურადღებას ვამახვილებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციაში სავიზო რეჟიმით შესვლის წესი, მათ შორის ერთიანი ელექტრონული ვიზით, იგივე რჩება“, – წერია ინფორმაციაში.
