რუსეთში ფიზიკოს ანატოლი მასლოვს სახელმწიფო ღალატისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ 77 წლის ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამის შესახებ “მედიაზონის” კორესპონდენტი იტყობინება სასამართლო დარბაზიდან. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
ს პროკურატურა მეცნიერისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17- წლიან პატიმრობას მოითხოვდა.
განაჩენის გამოტანამდე, თავის საბოლოო სიტყვაში ფიზიკოსმა თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის მტკიცებით, მასლოვის ქმედებები არ შეიცავს დანაშაულს. “მას არ გადაუცია იმგვარი დოკუმენტები, რაშიც ადანაშაულებენ და ისინი არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას“, – განუცხადა TASS-ს მასლოვის ადვოკატმა ოლგა დინზემ.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ს ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ანატოლი მასლოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 2022 წლის ივნისიდან იმყოფება. მიმდინარე წლის თებერვალში მან გულის შეტევა გადაიტანა. მისი ვაჟის თქმით, სტრესის გამო მასლოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, თავდაპირველად სურდათ მედიისთვის გულის შეტევის შესახებ ინფორმაცია დაემალათ, რათა ამის შესახებ არ სცოდნოდა მეცნიერის მეუღლეს. მასლოვის ვაჟის თანახმად, მამას მედიკამენტოზურად მკურნალობდნენ.
2018 წლიდან რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს სულ მცირე 12 მეცნიერი, რომლებიც ჰიპერბგერითი კვლევების დარგში იყვნენ ჩართული. რამდენიმე მათგანი უკვე გარდაცვლილია.
მასლოვისა და სხვა მეცნიერების დაკავების შემდეგ, კოლეგა მეცნიერებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით კოლექტიური წერილი დაწერეს.
უფლებადამცველები „ჰიპერბგერის“ თემასთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს გაყალბებულად მიიჩნევენ. საქმეების აღძვრაში ისინი ხედავენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად ინტერესებს. პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთი ფლობს ჰიპერბგერით იარაღს.