რუსეთში „მსოფლიო ატომური კვირეულის” ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა და ფაშინიანმა განიხილეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა და ასევე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები.
„გმადლობთ, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა და ჩამოხვედით საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ატომური სფეროს განვითარებას ეძღვნება. ეს ბუნებრივია, რადგან სომხეთში მოქმედებს და უკვე დიდი ხანია ატომური ელექტროსადგური, რომელიც, როგორც თქვენ თავად თქვით ფორუმზე, უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის 30%-ს – ეს სერიოზული მაჩვენებელია, ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედს აწარმოებს ატომური სადგური“, – მიმართა მედიის პუტინმა ფაშინიანს.
რუსული მედიის ინფორმაციითვე, პუტინმა გაახსენა ფაშინიანს, რომ „როსატომი ამჟამად მუშაობს ამ ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაზე“.
„ამიტომაც თქვენი მონაწილეობა ფორუმში სრულიად ლოგიკურია“, – უთხრა მან ფაშინიანს.
„თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთის ფედერაციასთან და ვმუშაობთ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაზე 2036 წლამდე. ამჟამად ვმუშაობთ და ვეძებთ სომხეთისთვის ხელსაყრელ მცირე მოდელის ატომური ვარიანტების პროექტებს და, რა თქმა უნდა, ამ საკითხში ასევე გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან,“ – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა „როსატომთან“, წერს TASS.
გარდა ამისა, ოფიციალური ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვასა და სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.
