რუსეთში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, ფრანგ მკვლევარს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსკოვის სასამართლომ ფრანგი მკვლევარი დამნაშავედ ცნო „უცხოური აგენტების შესახებ” ს კანონმდებლობის დარღვევაში და ორშაბათს, 14 ოქტომბერს, მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლორან ვინატიე, რომელიც შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, ივნისში დააკავეს და ბრალად რუსეთში უცხოურ აგენტად არდარეგისტრირება წაუყენეს.
ვინატიემ დანაშაული აღიარა და ორშაბათს მოსკოვის სასამართლოში კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენის გამოტანისას, მან ცნობილი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ციტატაც კი მოიყვანა.
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ კრემლის კრიტიკოსებთან საბრძოლველად გამოიყენება: რუსეთის ხელისუფლება ამ იარაღს ოპოზიციონერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართავს და მათ ბრალად სდებს უცხოური მხარდაჭერის მოპოვებას იმ მიზნით, რომ გაავრცელონ მოსაზრებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლორან კლოდ ჟან ლუი ვინატიე დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლით („უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოხდით“, – ნათქვამია მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: 1 არხი