რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიყვანა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მარკ კრუტოვი, და ასევე კალინინგრადელი ჟურნალისტი, იგორ რუდნიკოვი.
ამასთან, უწყებამ ამ სიას დაუმატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი სასულიერო პირი, იოან კურმოიაროვი, პუბლიცისტი მარკ სოლონინი და სიკტივკარში მოქმედი დამოუკიდებელი კულტურული სივრცე “რევოლტ-ცენტრი”.
მათ სამინისტრო ბრალად უყენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კრუტოვი, კურმოიაროვი, რუდნიკოვი და სოლონინი “ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, ცნობებს, რომლებიც მიემართებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უარყოფითი სახის ფორმირებას”. კრუტოვს ბრალს სდებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, ხოლო “რევოლტ-ცენტრს” ადანაშაულებენ ყალბ ცნობებში რუსეთის საარჩევნო სისტემის გარშემო. სამინისტროს ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო “ინტერფაქსი”.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ კრუტოვი, კურმოიაროვი და სოლონინი გამოდიოდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ, და კრუტოვი, ამასთან, “მონაწილეობდა უცხოეთის აგენტების კონტენტის შექმნაში და თანამშრომლობს უცხოეთის აგენტ ორგანიზაციასთან”. რადიო თავისუფლებას რუსეთის ხელისუფლება აცხადებს “უცხოეთის აგენტად” და “არასასურველ” ორგანიზაციად.
· “უცხოეთის აგენტის” ცნება რუსეთის კანონმდებლობაში გაჩნდა 2012 წელს. თავიდან ეს სტატუსი მიემართებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებსაც უცხოეთიდან ჰქონდათ დაფინანსება და რომლებიც პოლიტიკურ სამუშაოს ახორციელებდნენ. შემდეგ კანონის გამოყენება დაიწყეს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართაც – ძირითადად უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების და მედიის.
· 2025 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონების პაკეტი, რომლითაც გაფართოვდა “უცხოეთის აგენტის” სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
ფორუმი
