რუსეთში მურმანსკის ოლქის მცხოვრები უკრაინის მოქალაქე დააჯარიმეს YouTube-ზე ე.წ. “უცხოეთის აგენტის” ვიდეოს მოწონებისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს, სავარაუდოდ, პირველი ასეთი შემთხვევაა. ინციდენტზე ყურადღება გაამახვილა გამოცემა “ვიორსტკამ”.
მურმანსკის ოლქის რაიონულმა სასამართლომ 30 ათასი რუბლის (დაახლოებით 390 ამერიკული დოლარი) ჯარიმა დაუწესა ადგილობრივ მცხოვრებს, გამოცემა “ვიორსტკის” თანახმად უკრაინის მოქალაქე ვასილი იოვდის, ადმინისტრაციული მუხლით რუსეთის არმიის ე.წ. “დისკრედიტაციის” შესახებ. ჯარიმის საფუძველი გახდა “რეაქციები ‘ლაიკების' სახით”, YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების ქვეშ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო არ ასახელებს კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებს, თუმცა ცნობილია, რომ მათგან ორის ავტორები რუსეთის ხელისუფლებას “უცხოეთის აგენტებად” ჰყავს გამოცხადებული. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ლაპარაკია ქიმიური თავდაცვის ძალების მეთაურის, იგორ კირილოვის სიკვდილზე – იგი დაიღუპა 2024 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
პროტოკოლი შეადგინეს ეფესბეს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ალაკურტიში. ვასილი იოვდი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იგი პენსიონერია.
გამოცემა “ვიორსტკა” ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს პირველი ასეთი გახმაურებული საქმე რუსეთისთვის. YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების ქვეშ ე.წ. “ლაიკები” ღია მხოლოდ ანგარიშის მფლობელისთვისაა, მათ სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ, თუმცა სასამართლომ იოვდის მოქმედებებს მაინც “საჯაროს” კვალიფიკაცია შეუფარდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ციტირებს იურისტ ევგენი სმირნოვს, რომ სასამართლომ, დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, არ ახსნა მაინც რაში მდგომარეობდა რუსეთის არმიის დისკრედიტაცია.
რუსეთის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ მუხლი გაჩნდა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის პირველივე დღეებში. ეს მუხლები რუსეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეები დევნოს ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის.




