რუსეთში დააპატენტეს ახალი სახმელეთო ბირთვული აფეთქების სიმულატორი. როგორც პატენტის აღწერაშია ნათქვამი, “ამ განვითარების გამოყენება გააუმჯობესებს სახმელეთო ძალების დანაყოფების მომზადების ხარისხს საბრძოლო ოპერაციებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში.”
სააგენტო „ტასის“ თანახმად, ახალი სიმულატორი ხრულიოვის სახელობის სამხედრო ლოგისტიკის აკადემიის მეცნიერებმა შეიმუშავეს.
“სასარგებლო მოდელის მიზანს წარმოადგენს თვალსაჩინო იმიტაციის ვიზუალური ნიშნების -დარტყმის ეფექტის, სინათლის გამოსხივების და მიწისზედა ბირთვული აფეთქების სოკოსებური ღრუბლის-უზრუნველყოფა“,- ნათქვამია აღწერილობაში. გამოგონების ავტორები ირწმუნებიან, რომ ის მხოლოდ წვრთნების დროს იქნება გამოყენებული.
„ტასის“ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელი წვრთნების დროს იგეგმება ბირთვული აფეთქებისა და ომის ახალი სიმულატორის გამოყენება.
· უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე კრემლის მომხრე მოღვაწეები და პუბლიცისტები ხშირად გამოთქვამდნენ ვარაუდებს ბირთვული დარტყმების ან შეიარაღებული კონფლიქტის ბირთვულ ომად გადაქცევის შესაძლებლობაზე. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ არ იმუქრებოდა ბირთვულ იარაღის გამოყენებით, მაგრამ არაერთხელ აღნიშნა მათი გამოყენების შესაძლებლობა რუსეთის “ტერიტორიული მთლიანობისთვის” საფრთხის შემთხვევაში (რუსეთის ხელისუფლების გაგებით, ეს მთლიანობა ვრცელდება მთელ რიგ უკრაინულ ტერიტორიებზე).
· 2 წლის წინ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე პუტინმა გასცა ბრძანება, ბირთვული ძალების მაღალ მზადყოფნაში მოსაყვანად. რუსეთმა გასულ წელს ბელარუსში განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მან ასევე შეაჩერა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში მონაწილეობა და დაგმო ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმება.