რუსეთში პირველად ადვოკატს სტატუსი ჩამოართვეს საზღვარგარეთ ცხოვრების გამო

როსტოვის ადვოკატთა პალატამ, ს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ადვოკატ ირინა გაკს ადვოკატის სტატუსი ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა იურისტმა კარინა მოსკალენკომ, რომელიც ხელმძღვანელობს რუსი ადვოკატების საერთაშორისო ასოციაციას.

მოსკალენკოს თქმით, ეს არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც გამოიყენეს 2024 წელს „ადვოკატური საქმიანობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც შესაძლებლად აქცევს ადვოკატისთვის სტატუსის ჩამორთმევას, თუ ის ერთი წელზე მეტი ხნის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე იმყოფება რუსეთის ფარგლებს გარეთ.

„როსტოვის ოლქის ადვოკატთა პალატამ, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ირინა გაკს მორჩილად ჩამოართვა ადვოკატის სტატუსი – ადამიანს, რომელიც გულწრფელად ემსახურებოდა ადვოკატის მოვალეობას! რისთვის? იმისთვის, რომ მას პირადი (სრულად დასაბუთებული) მიზეზების გამო არ შეეძლო რუსეთში ყოფნა“, – დაწერა მოსკალენკომ.

ირინა გაკი იცავდა აქტივისტ ანატოლი ბერეზიკოვს, რომელიც 2023 წლის მაისში დააკავეს ანტისაომარი ფლაერების გავრცელებისთვის. 2023 წლის ივნისში ბერეზიკოვი გარდაიცვალა დონის როსტოვის სპეციალური დაკავების იზოლატორში – გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე. აქტივისტი წერდა წამებაზე, ხოლო გაკი ადასტურებდა, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

ბერეზიკოვის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ცოტა ხანში გაკის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც მან დატოვა რუსეთი და გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ცხოვრობს.
ფორუმი