რუსული ოპოზიციური გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, რედაქტორი ოლეგ როლდუგინი დააკავეს და დასაკითხად გადაიყვანეს.
ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
„ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში, მოსკოვში, რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები თითქმის მთელი დღეა იმყოფებიან. ამის შესახებ თავად გამოცემა ადასტურებდა და წერდა, რომ დღის 12 საათიდან მათ ოფისში ნიღბიანი ძალოვნები საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ, ადვოკატებს კი შესვლისა და დასწრების საშუალებას არ აძლევენ.
„ნოვაია გაზეტამ“ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, რედაქციაში საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. ჩხრეკა დილით როლდუგინის სახლშიც ჩატარდა და ამის შემდეგ გადაიყვანეს გამოკითხვაზე. ადვოკატებს მასთანაც არ უშვებენ.
რედაქციაში არშეშვების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ახილგოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, ძალოვნებმა უპასუხეს, რომ ის „ძალიან ოდიოზურია“ საიმისოდ, რომ რედაქციაში შეუშვან. ადვოკატმა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც გამოცემის პუბლიკაციებს უნდა უკავშირდებოდეს.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ ჩხრეკა „ნოვაია გაზეტაში“ პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
„ნოვაია გაზეტამ“ მუშაობა 2022 წლის მარტში შეწყვიტა. ჟურნალისტების ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა და შექმნეს „ნოვაია გაზეტა ევროპა“. რუსეთში დარჩენილებმა ჟურნალის ბეჭდური სახით გამოცემა დაიწყეს. თუმცა 2022 წლის სექტემბერში საამისო ლიცენზიაც ჩამოართვეს.




