რუსეთში ოპოზიციური გამოცემის, Новая газета-ს მიმომხილველი დააკავეს

რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости წერს, რომ რუსული ოპოზიციური გამოცემა Новая газета-ს მიმომხილველი, ოლეგ როლდუგინი დააკავეს.
РИА Новости-ს თანახმად, როლდუგინი პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყნეებასთან დაკავშირებით დააკავეს და მას ახლა დაკითხვა უტარდება.
“ოლეგ როლდუგინი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, ის დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება”. – თქვა სამთავრობო მედიის წყარომ РИА Новости-ს მიხედვით.
მანამდე, Новая газета წერდა, რომ დილით როლდუგინის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, როლდუგინს ადვოკატთან წვდომა მოსკოვის დროით 18:30 საათამდე არ ჰქონია, ხოლო საქმის გამომძიებელი მათ ზარებს არ პასუხობდა.
Новая газета აღნიშნავს, რომ როლდუგინმა მათთან რამზან კადიროვის გარემოცვის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა. ამასთან, როლდუგინი გაზეთ Собеседник-ის თანადამაარსებელია, რომელშიც აქამდე პუტინის ადმინისტრაციაში არსებულ კორუფციისა და რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის საკუთრებების შესახებ გამოძიებები აქვს გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში რუსული ოპოზიციური გამოცემა Новая газета-ს ოფისში პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
“ჩვენ არ ვიცით მიზეზი – რედაქციის ადვოკატებს არ უშვებენ პოტაპოვსკის ოფისში, სადაც თანამშრომლების ნაწილიც იმყოფება”. – ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
უახლესი ინფორმაციით, მედიის ადვოკატებს კვლავ არ უშვებენ რედაქციაში, ხოლო იქ მყოფ თანამშრომლების ნაწილთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.
სამთავრობო მედია РИА Новости-ს წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან ამტკიცებდა, რომ Новая газета-ში მიმდინარე ჩხრეკები პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმესთანაა დაკავშირებული. სხვა დეტალებს მედიის წყარო არ ასახელებს.