რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება იწყება

რუსეთში დაფუძნებული ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes ქართული ნატახტარის ლიმონათის რუსეთში წარმოებას იწყებს.
ინფორმაციას რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიასაშუალება TASS-ს კომპანიაში დაუდასტურეს.
“ჩვენ დავიწყეთ ნატახტარის წარმოება რუსულ საწარმოებში. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ლეგენდარული ბრენდების პორტფელის განვითარებაში. […] ნატახტარის ლოკალიზაცია – სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროდუქტი რუსი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შენარჩუნებული იქნება გემო და ხარისხი”, – თქვა AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი ტიურნიკოვმა.
მისი თქმით, დამატებითი საგადასახადო და სააქციზო შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ წარმოების დაწყების პირველ წელს დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს მიაღწევს.
ის ამბობს, რომ ნატახტარის ლიმონათის წარმოების დაწყება განპირობებულია უალკოჰოლო გაზიანე სასმელებზე არსებული მზარდი მოთხოვნით.
TASS წერს, რომ რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება დაიწყება საწარმოებში – ივანოვო და ომსკი. გაყიდვა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.