მოსკოვის სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს ((ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„მედუზას“ ცნობით, მწერალი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა, ტერორიზმის გამართლება და „უცხოელი აგენტის“ მოვალეობებისთვის თავის არიდება.
მათივე ცნობით, სასამართლომ აკუნინი ასევე 400 000 რუბლით დააჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტ გვერდების ადმინისტრირება აუკრძალა.
ბრალდების მხარის თქმით, 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე აკუნინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა „მინიმუმ 33 მასალა“ იმის მითითების გარეშე, რომ ისინი „უცხოელი აგენტის“ საქმიანობას უკავშირდებოდა.
პროკურატურამ მწერლის ერთ-ერთი პოსტი – 2024 წლის 18 თებერვლით დათარიღებული პუბლიკაცია – „ტერორიზმის გამართლებად“ მიიჩნია. რუსეთის ხელისუფლებამ აკუნინის საუბარი პრანკერებთან, რომლებიც მწერალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კულტურის მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩენკოს სახელით გაეცნენ, „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობად“ მიიჩნია.
პროკურატურამ აკუნინისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა მწერლის გამართლება მოითხოვა.
როგორც „მედიაზონა“ წერს, სასამართლოში მხოლოდ ერთი, ბრალდების მხარის მოწმე მივიდა – პენსიონერი ნატალია კოპილოვა, რომელმაც აკუნინის განცხადებების შესახებ ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემებიდან შეიტყო.
2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ბორის აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კრემლის მომხრე პრანკერებთან საუბრის შემდეგ. გამომცემლებმა შეწყვიტეს აკუნინის წიგნების გამოცემა და მსხვილმა ქსელებმა ისინი გაყიდვიდან ამოიღეს. Rosfinmonitoring-მა მწერალი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკუნინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.
