რუსეთში მოკლული უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარს ორგანოები ამოაცალეს – გამოძიება

უკრაინელ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში წამებით მოკლეს, ორგანოებიც ამოაცალეს. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა.
გამოძიებაში მონაწილეობდა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, რომლის საერთაშორისო სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანოები შესაძლოა განზრახ ამოიღეს დახრჩობის ან გაგუდვის ნიშნების დასაფარად.
გამოძიებაში მონაწილეობა 13 საერთაშორისო მედიასაშუალების 40-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო და მათ 50-ზე მეტი ინტერვიუ ჩამოართვეს ყოფილ პატიმრებს, ციხის ყოფილ ზედამხედველებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს.
როშჩინას ცხედარი რუსებმა ს თებერვლის ბოლოს გადასცეს. ის 756 ჯარისკაცის ცხედართან ერთად ჩამოასვენეს და სავარაუდოდ, 757 ნომრით იყო მონიშნული. რუსულ დოკუმენტებში როშჩინას ნეშტი ცრუდ იყო იდენტიფიცირებული, როგორც „უცნობი მამაკაცი“.
უკრაინაში ჩატარებულმა სასამართლო ექსპერტიზამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ცხედარი ქალის იყო. მალევე, დნმ-ის ტესტირებით 99%-ით დადასტურდა, რომ ეს უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარი იყო.
უკრაინის გენერალური პროკურატურის სამხედრო დანაშაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის სხეულზე წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი არაერთი ნიშანი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ასევე ივარაუდეს, რომ როშჩინა, შესაძლოა, ელექტროშოკით აწამეს.
გამომძიებლების თქმით, ცხედარს, უკრაინაში ჩამოსვენებამდე, რუსეთში ჩატარებული გაკვეთის კვალი აჩნდა და სწორედ ამის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევით გაირკვა, რომ როშჩინას ტვინი, თვალები და ტრაქეა ამოკვეთილი ჰქონდა.
ჯერჯერობით, ჟურნალისტის სხეულის მდგომარეობის გამო სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
27 წლის ვიქტორია როშჩინა ტყვედ ჩავარდა 2023 წლის აგვისტოში უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, რომელიც რუსულმა ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაიკავეს. ენერგოდარში მოხვედრამდე, როშჩინა თავდაპირველად გაემგზავრა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში, როგორც უკრაინული “პრავდას” თავისუფალი ჟურნალისტი. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ის აპირებდა სტატიის მომზადებას ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე მყოფი პატიმრების შესახებ. სხვა წყარო ამბობდა, რომ მას სურდა ენერგოდართან ახლოს მდებარე იმ ქალაქების მონახულება, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს.
ის ამის შემდეგ არაერთხელ ჩავარდა ტყვედ და გახდა წამების მსხვერპლი. როშჩინა ბოლოს 2024 წლის 8 სექტემბერს ნახეს უკრაინელმა ქალებმა, რომლებიც ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ. შემდეგ საკნიდან გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ვიქტორია როშჩინა დატყვევებულ რუსებზე უნდა გაეცვალათ, მაგრამ გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა. ამის შემდეგ, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა.