რუსეთში კიდევ ერთი გენერალი დააპატიმრეს

რუსეთში ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ მიერ დღეს, 23 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ შამარინს ორთვიანი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა. რუს გენერალს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არაოფიციალური მონაცემებით, საუბარია სულ მცირე 1 მილიონ რუბლზე.
„ინტერფაქსის“ წყაროს თანახმად, შამარინი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებისას. გენერლის და მისი ადვოკატების პოზიციის შესახებ რუსული მედია ჯერჯერობით არაფერს წერს.
2024 წლის 23 აპრილს ს საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. მეორე დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ გენერალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივანოვი სამხედრო-სამშენებლო კომპლექსს კურირებდა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი.
12 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის მინისტროს თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ და ის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე შოიგუ შეცვალა ანდრეი ბელოუსოვმა, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”