რუსეთში სასამართლომ 2005 წელს დაბადებულ აქტივისტ მაქსიმ ლიპკანს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ეწინააღმდეგება, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯა, იტყობინება „მედუზა“. ის რუსეთის ჯარზე „ფეიკების“ გავრცელებაში იყო ბრალდებული.
ლიპკანი 2023 წლის თებერვალში, 18 წლის ასაკში დააპატიმრეს, თუმცა პოლიტიკური აქტივიზმით იგი სრულწლოვანობამდეც იყო დაკავებული. დაპატიმრბამდე ლიპკანმა მოსკოვის მერიას მიმართა – სურდა ლუბიანკის მოედანზე ანტისაომარი აქციის – „ჯოჯოხეთის ერთი წლის“ – ჩატარება.
„მედიაზონას“ ცნობით, ლიპკანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუ გახდა, რომელშიც იგი თავის ანტისაომარ შეხეხედულებებზე საუბრობდა. „ოვდ-ინფო“ კი წერს, რომ ლიპკანს თავის ტელეგრამ-არხში განთავსებული პოსტების გამო დევნიან.
ადვოკატ ალან კაზმაჩოვის ცნობით, წინასწარი პატიმრობისას სხვა დაკავებულები ლიპკანს ემუქრებოდნენ და მასზე ძალადობდნენ. აქტივისტი იმ საკნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიყვანეს. 2023-ის ივნისში ლიპკანი გახდა მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ფონდის პრემიის ერთ-ერთი ლაურეატი „დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების დაცვაში გამოჩენილი სიმამაცისთვის“.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ომისა და პუტნის ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნა. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა კი რუსეთიში, ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობისას, დისიდენტების წინააღმდეგ აპრობირებული პრაქტიკაა.