დღეს, 10 მარტს დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, სადაც მდებარეობს არაერთი საწარმო, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნები.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი „უშედეგოდ ცდილობდა“ ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებზე შეტევას, თუმცა, სამივე ლიკვიდირებულია და ხანძარი და დაზიანებები არ ყოფილა.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამმართველოზე დაყრდნობით წერდა, რომ ნოვოკუიბიშევსკში, სასაწყობე შენობებში ხანძარი გაჩნდა 1500 კვადარტული მეტრის ფართობზე და ერთ-ერთის სახურავი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ვის ეკუთვნის ეს საწყობი და რამ გამოიწვია ხანძარი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
ამასთან, როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ფედერალური უწყების, „როსპოტრებნადზორის“ სამარის სამმართველომ დაიწყო ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის კვლევა და ხანძრის ადგილიდან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, თავი შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისგან, ან რესპირატორი გამოიყენონ, ფანჯრები დახურონ, ბევრი სითხე მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართონ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრი კოვალენკო ტელეგრამ-არხზე წერს, რომ შეტევა იყო სწორედ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 8,8 მილიონ ტონა ნავთობს აღწევს, რუსეთის უმსხვილესი ქარხნების ათეულშია და საწვავით ამარაგებს რუსულ არმიასაც.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ სამარის ოლქში სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
4 მარტს დრონებით შეტევა იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. მისი მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“. ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 2024 წლის 16 მარტს და 2025 წლის 19 თებერვალსაც.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
ფორუმი
