რუსეთში დრონების თავდასხმის შემდეგ “ფეთქებადსაშიში ობიექტების” საწყობში ხანძარი გაჩნდა

ვორონეჟის ოლქში, პოდგორენსკის რაიონში დრონების თავდასხმის შემდეგ საწყობში, რომელშიც “ფეთქებადსაშიში ობიექტები” ინახებოდა, ხანძარი დაიწყო. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ტელეგრამზე წერს.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია საბრძოლო მასალის საწყობზე, რომელიც სერგეევკის დასახლებაში მდებარეობს.
“გასულ ღამეს ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მორიგე ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მათი ნარჩენების ვარდნას ერთ-ერთ საწყობში ხანძარი მოჰყვა. პოდგორენსკის რაიონში ფეთქებადსაშიში ობიექტები დეტონაცია დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა”. – დაწერა გუსევმა.
გუსევმა მოგვიანებით დაწერა, რომ “ფეთქებადსაშიში ობიექტების” დეტონაცია კვლავ მიმდინარეობს და დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა და ევაკუაცია გამოაცხადეს. გუბერნატორმა არ დააკონკრეტა, რომელ დასახლებაზე საუბრობს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, საუბარი სერგეევკაზეა.
“პოდგორენსკის რაიონის დასახლების საზღვრებში, სადაც ღამით უკრაინული უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებული შემთხვევა მოხდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯერჯერობით ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია კვლავ მიმდინარეობს.
ერთ-ერთი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის მინაშენს ცეცხლი წაეკიდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულები არ არიან.
საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც დასახლებულ პუნქტზე გადის, გადაკეტილია. მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია დროებითი განთავსების პუნქტებში. ადგილზე ოპერატიული სამსახურებისა და უწყებების თანამშრომელი მუშაობენ”. – წერს გუსევი.