9 ივნისს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩებოქსარის იმ რაიონში, სადაც ელექტროტექნიკური და მანქანათმშენებელი კომპანიის, „ВНИИР“-ის საწარმოებია განთავსებული.
პირველი ცნობები, რომ აფეთქებები უკრაინული დრონებით შეტევამ გამოიწვია, სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს აფეთქების და ხანძრის ამსახველ ვიდეოებთან ერთად.
მოგვიანებით, ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურის, ოლეგ ნიკოლაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ВНИИР“-ის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა, რის გამოც მიღებულია წარმოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება. ნიკოლაევის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
კომპანიის საიტზე პროდუქციის დამკვეთებს შორის მითითებულია რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგია“.
დამოუკიდებელი გამოცემა „ასტრა“ წერს, რომ ჩებოქსარის ქარხანა რუსეთის არმიისთვის აწარმოებს ანტენებს „კომეტა“, რომლებიც რუსულ დრონებს იცავენ უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისგან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს” 49 უკრაინული დრონი, მათ შორის 2 ჩუვაშეთის რესპუბლიკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
უკრაინას რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკასა და სხვა რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი
