პირველი ცნობები დრონებით შეტევის შესახებ, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქალაქში მძიმე ტექნიკით გადაკეტა გენერალ ბელოვის ქუჩა და ადგილობრივ მცხოვრებთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ქალაქის ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის რაიონში სპეციალისტები მუშაობენ. რუსული მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაკეტილი, გენერალ ბელოვის ქუჩის მახლობლად 112-ე სარაკეტო ბრიგადის სამხედრო ქალაქი მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ სამხედრო ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერს იუწყება. მან გამოაქვეყნა მხოლოდ მოკლე, ზოგადი ინფორმაცია, რომ დილით ივანოვოს ოლქში ჩამოაგდეს 7 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
15 აპრილს დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს მათზე, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში.
კერძოდ, უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაციაც დაიწყო.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“. დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
.
ფორუმი
