რუსეთში დრონებით დარტყმა იყო, სავარაუდოდ, დრონების მწარმოებელ ქარხანაზე

დღეს დილით ძლიერი აფეთქებები იყო ს თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საწარმოებზე. თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური საწარმოებს არ აკონკრეტებს. რუსული წყაროებით ვრცელდება დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქების ამსახველი ვიდეოები.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, შეტევას „სერიოზული ნგრევა“ არ მოჰყოლია და „საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესი არ დაურღვევია“.
გამოცემა „რბკ-” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელაბუგის რაიონში მდებარე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, „ალაბუგის“ ტერიტორიაზე დანგრეულია საერთო საცხოვრებლის შენობა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საწარმოებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა საკმაოდ ხშირია. ამ რეგიონებს შორის პირველად აღმოჩნდა თათრეთი.
რუსეთი თავის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით „ტერორისტულ შეტევებში” უკრაინას ადანაშაულებს. ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს.
ამასთან, ბოლო ხანს არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.