17 ივლისს, რუსეთის დუმამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს ჯარიმებს ინტერნეტში აკრძალული მასალების მოძიებაზე, მათ შორის VPN-ის გამოყენებით.
საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა.
ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ახალი მუხლი ემატება.
პირველი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.52-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას VPN სერვისების „გამოყენების პროცედურის დარღვევისთვის“. იგი ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 200 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის, 80-დან 300 ათას რუბლამდე თანამდებობის პირებისთვის და 200 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე – იურიდიული პირებისთვის.
მეორე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.53-ე მუხლი კი აწესებს პასუხისმგებლობას „აშკარად ექსტრემისტული მასალების მოძიებაზე და მათზე წვდომის მოპოვებისთვის“, მათ შორის VPN-ის გამოყენებით. მეორე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას სამიდან ხუთი ათას რუბლამდე.
რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, განმარტავს რომ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს შეიძლება მოსთხოვონ თავიანთი მოწყობილობების წარდგენა.
„დიდი ალბათობით, პირი შეიძლება იქნეს ეჭვმიტანილი ექსტრემისტული ინფორმაციის მოძიებაში„ როსკომნადზორისა“ და მობილური ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ოპერატიული ინფორმაციისა და სხვა მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე“ – წერს „ტასი“.
ასევე, „ტასის“ ცნობით, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და სხვა მოქალაქეებს არ შეეძლებათ ინტერნეტში ასეთი მასალების თავისუფლად მოძიება. მათი შესწავლისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში მუშაობასთან.
რუსეთში „ექსტრემისტული მასალების“ სია წლებია არსებობს და პერიოდულად ახლდება.
batumelebi.netgazeti.ge
