უმსხვილესმა დასავლურმა ბანკებმა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ, შარშან გადასახადების სახით 800 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ომის დაწყებამდე გადახდილ გადასახადებზე 4-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „Financial Times-ი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, შვიდმა უმსხვილესმა ევროპულმა ბანკმა, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციაში, საერთო ჯამში, 2023 წელს 3 მილიარდზე მეტი მოგება მიიღეს. ეს ბანკებია: Raiffeisen Bank, UniCredit, Deutsche Bank, ING, Commerzbank, Intesa Sanpaolo და OTP.
„Financial Times-ის“ მიხედვით, უცხოური ბანკების მოგება ნაწილობრივ რუსეთში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით არის განპირობებული.
გამოცემის გათვლებით, ევროპული ბანკების მიერ გადახდილი გადასახადებით მიღებული შემოსავალი 2024 წელს რუსეთის მიერ არაენერგეტიკული სექტორიდან დაგეგმილი შემოსავლების 0.4%-ს შეადგენს.
