რუსეთში დაიწყო ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ტარდება. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.
პუტინის გარდა ყველა კანდიდატი თავისი პარტიების მიერაა წარდგენილი. პუტინმა საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. არცერთი „კონკურენტი“ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ღიად არ აკრიტიკებს და არც უკრაინაში ომს გმობს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ – 1 890 863.
რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც – დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიეს და ყირიმს.
რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.
ეჭვი არავის ეპარება, რომ პუტინი მეხუთედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
· 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.
დაწერეთ კომენტარი