რუსეთის კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით დაკავებულია სმირნოვის ყოფილი პირველი მოადგილე ალექსეი დედოვი. ისინი კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდნენ რუსეთის ამ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დროს, 2024 წლის აგვისტოში.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სმირნოვის და დედოვის დაკავების შესახებ 16 აპრილს განაცხადა.
შსს-ს თანახმად, თაღლითობის საქმე ეხება ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ „კურსკის ოლქის განვითარების კორპორაციის” წარმომადგენლებთან ერთად ბიუჯეტიდან მილიარდი რუბლის მითვისებას უკრაინასთან საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას.
მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის სასამართლომ კურსკის ყოფილ გუბერნატორს ორთვიანი წინასაწრი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, ალექსეი სმირნოვი ბრალს არ აღიარებს.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
2024 წლის 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.
ალექსეი სმირნოვმა კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში დატოვა.
ფორუმი
