რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში მასშტაბური გამოსვლებია | პოლიცია აქციის მონაწილეებს არბევს, არიან დაშავებულები

რუსეთში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
პროტესტი, რომელშიც 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მოჰყვა ს სასამართლოს მიერ ბაშკირელი აქტივისტისთვის, ფაილ ალსინოვისთვის, 4 წლიანი პატიმრობის მისჯას. მას ბრალად “ეთნიკური ზიზღის გაღვივება” ედებოდა.
ბაიამაკის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანები როგორც ალსინოვის, ისე ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
The Moscow Times-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის ადგილას სამართალდამცველები მიიყვანა და აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყო. აქციის დაშლის მცდელობა კი ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. პოლიციელები კი მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს, ფარებსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ.