რუსეთში აჩვენებენ მხოლოდ ფილმებს, რომლებიც “ტრადიციულ” ღირებულებებს შეიცავს

რუსეთში კინოგაქირავების ნებართვები გაიცემა მხოლოდ ფილმებზე, რომლებიც გაივლიან შემოწმებას ს “ტრადიციულ” ღირებულებებთან შესაბამისობაზე – კანონმდებლობაში ამ შინაარსის შესწორებებზე მუშაობს რუსეთის კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტთან, ფედერაციის საბჭოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ამ ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფის და ციფრული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, დმიტრი დავიდენკომ.
იმ ფილმის მაგალითად, რომელიც შემოწმებას ვერ გაივლის, დავიდენკომ მოიტანა დოკუმენტური სურათი “სკოპინელი მანიაკის” შესახებ, რომელიც, მისი თქმით, “ცნობილმა კინემატოგრაფისტებმა” გადაიღეს. ესაა ისტორია რეალური კაცისა, ვიქტორის მოხოვის, რომელმაც 14 და 17 წლის გოგონები მოიტაცა, მათ ოთხი წლის განმავლობაში სარდაფში ამყოფებდა და მსხვერპლებზე სექსუალურად ძალადობდა. მოხოვმა ციხეში 17 წელი დაჰყო და 2021 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან.
დავიდენკოს თქმით, კანონმდებლობაში შესწორებების შეტანა აუცილებელია, რათა “არ იყოს დაშვებული ასეთი შინაარსის გავრცელება, ან, კიდევ უკეთესი, ასეთი რამ არ გადაიღონ”.
“ეს არის ის ზღვარი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება. არის არაჯანმრთელი კაცი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ის 17 წელი იყო ციხეში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის შესახებ სერიალის გადაღებაა საჭირო” – თქვა მან და დოკუმენტურ ფილმს უწოდა “დანაშაულის პოპულარიზაციის” საშუალება.
კარგი ფილმის მაგალითად დავიდენკომ დაასახელა სურათები, რომლებშიც გმირი “სამხედრო ადამიანია”.
2023 წელს რუსეთის კულტურის სამინისტრომ ჩამოართვა გაქირავების ნებართვა კომერციულად ყველაზე მომგებიან სურათს იაკუტიიდან, სათაურით “აიტა” – ხოლო უწყება როსკომნადზორი მოითხოვდა ფილმის ჩვენებისგან თავი შეეკავებინათ ონლაინ-კინოთეატრებს, მისი თქმით, ამ ფილმში რუსების დისკრიმინაციის გამო. სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ ფილმში დაინახეს “დესტრუქციული ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ხალხების ერთიანობას”. პრეზიდენტის საბჭოში “აიტას” უწოდეს “ნაციონალიზმის მაგალითი”.
პარალელურად, იაკუტიის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” წარმომადგენელმა აისენ ნიკოლაევმა დაიცვა კინემატოგრაფისტი სტეპან ბურნაშევი და კიდევ სხვა იაკუტიელი რეჟისორი, დმიტრი შადრინი, რომელთა ნამუშევრებსაც გაქირავებაში არ უშვებდნენ ოფიციალური ვერსიით “ლგბტ პროპაგანდის” გამო. ნიკოლაევის თქმით, ადგილობრივმა კინორეჟისორებმა “არ შეიძლება გადაიღონ ფილმები ნაციონალიზმზე და არატრადიციულ ღირებულებებზე”.
ფილმი “აიტა” გაქირავებაში გავიდა შარშან, მარტში, და მოიპოვა 26 მილიონი რუბლის (დაახლოებით 291 500 დოლარი) შემოსავალი. სიუჟეტის თანახმად, სკოლის მოწაფე გოგო, სახელად აიტა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ჯიბეში კი უდევს ქაღალდი წარწერით “აფონია, მძულხარ”. აფონია ჰქვია რუს პოლიციელს, რომელმაც წინა დღეს გოგონა სახლში მიიყვანა დისკოთეკიდან, სადაც მოსწავლე კლასელებთან ერთად იყო.
გოგონა საავადმყოფოში კვდება, რის შემდეგაც ირკვევა, რომ ის ორსულად იყო. აიტას მამა და სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტენ, რომ ის პოლიციელმა გააუპატიურა, და სამაგიეროს გადახდა სურთ. მაგრამ ბოლოს ირკვევა, რომ აფონია არის იაკუტიელი მოწაფე ბიჭი, მეზობელი სოფლიდან. ფილმის ბოლოს პოლიციელი გარდაცვლილი გოგოს მამას პატიობს და ამბობს, რომ სურს ცხოვრება სხვაგვარად გააგრძელოს.

ასევე დაგაინტერესებთ