რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, იელის უნივერსიტეტი დაადანაშაულა რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში” და მისი საქმიანობა „არასასურველად“ გამოაცხადა.
პუტინის ხელისუფლება ამერიკულ უნივერსიტეტს ბრალს სდებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისა და უკრაინის არმიის დაფინანსების მხარდაჭერაშიც და იმაში, რომ მისი საქმიანობა მიმართულია რუსეთის „საერთაშორისო ბლოკადის”, „ეკონომიკური საფუძვლების შერყევისა” და „სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ”.
იელის უნივერსიტეტის საქმიანობის „არასასურველად” გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია ამ უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის სასტიპენდიო პროგრამაც, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის თანახმად, მიზნად ისახავს „უცხო სახელმწიფოების ოპოზიციური ლიდერების სწავლებას“.
გენერალური პროკურატურის საიტზე 8 ივლისს, საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება „ექსტრემისტულად“ მიიჩნევს. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ფონდის ხელმძღვანელები და აქტივისტები იელის უნივერსიტეტის ამ პროგრამით სწავლობდნენ და მიღებული „ცოდნა და ტექნოლოგიები“ გამოიყენეს რუსეთში „საპროტესტო აქტივობის ესკალაციისთვის“.
8 ივლისს იელის უნივერსიტეტისგან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
ფორუმი
