რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ “არასასურველი ორგანიზაციის” სტატუსი მიანიჭა პორტუგალიაში მოქმედ “თავისუფალი რუსების ასოციაციას” (Associação de russos livres).
უწყების განცხადებაში ასოციაციის დამფუძნებლებს და წევრებს ადანაშაულებენ რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინაში ომის საწინააღმდეგო გამოსვლებში, უკრაინის არმიისთვის თანხების შეგროვებაში, ანტირუსულ პროპაგანდასა და “ლგბტ იდეების” მხარდაჭერაში.
პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ პორტუგალიური ასოციაციის პარტნიორია გაერთიანება “სამოქალაქო საბჭო”, რომელიც რუსეთში “არასასურველად” 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადეს.
საბჭო “ჩართულია საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მყოფი ლეგიონისთვის,”თავისუფლება რუსეთს” და “ციმბირის ბატალიონისთვის” გადაბირებასა და დახმარების გაწევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, “სამოქალაქო საბჭო” არ მალავს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსებს ეხმარება.
პორტუგალიაში მოქმედი “თავისუფალი რუსების ასოციაცია” თავის ვებსაიტზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებაში.
“ჩვენ ვატარებთ ომის და დიქტატურის საწინააღმდეგო მიტინგებს ქუჩებში, მხარს ვუჭერთ პოლიტპატიმრებს, ვყვებით სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებზე, ვეხმარებით რეჟიმის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული პროპაგანდის საწინააღმდეგო ძალისხმევას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ არის აქტივისტთა საერთაშორისო გაერთიანების, Free Russians Global-ის წევრი და ასევე გაერთიანებულია ომის მოწინააღმდეგე კომიტეტში.
“არასასურველი ორგანიზაციების” შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. იკრძალება იმ უწყებების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება ამ რეესტრში მოახვედრებს. “არასასურველად” მიჩნეული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითი შემთხვევა კი ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, კანონში ბუნდოვანია ფორმულირება, რა შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობად.
