რუსეთში „არამეგობრული სახელმწიფოებიდან“ სატელეფონო ზარების „ბლოკირებას“ გეგმავენ
რუსეთის მთავრობა „არამეგობრული სახელმწიფოებიდან“ სატელეფონო ზარების „ბლოკირებაზე“ მუშაობს. მოსკოვი ამას „სატელეფონო თაღლითობასთან ბრძოლის” ეგიდით აკეთებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 დეკემბერს ონლაინ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან, რომლებსაც უთხრა, რომ მათი წინადადებები „არამეგობრული სახელმწიფოების ტერიტორიებიდან დანაშაულებრივი მიზნებით“ ზარების „ბლოკირების“ და მათი „მარკირების“ შესახებ მთავრობის მიერ გათვალისწინებულია და ინერგება.
პუტინის თანახმად, შემუშავებულია „ციფრულ სფეროში მოქალაქეების დაცვის ზომების“ მეორე პაკეტი და მესამე პაკეტის მომზადებაც იგეგმება.
რუსეთს „არამეგობრულად” გამოცხადებული ჰყავს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, უკრაინა, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge




