მედუზას ცნობით, რუსეთის გენპროკურატურამ „არასასურველად“ გამოაცხადა გერმანული ორგანიზაცია EVZ [ფონდი „მეხსიერება, პასუხისმგებლობა და მომავალი“).
ფონდი „მეხსიერება, პასუხისმგებლობა და მომავალი“ 2000 წელს შეიქმნა გერმანიის, აშშ-ისა და კიდევ ექვსი ქვეყნის მონაწილეობით და ფინანსდებოდა სახელმწიფოსა და ბიზნესიდან. ფონდი გასცემდა კომპენსაციებს ნაციზმის მსვერპლებზე – მხოლოდ 2001–2007 წლებში ფონდმა 4,4 მილიარდი ევრო გასცა კომპენსაციის სახით 10-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ ნაციზმის მხვერპლებზე.
რუსეთის გენერალურმა პრუკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორგანიზაციამ „პოლიტიკურად მიკერძოებული ანტირუსული პოზიცია“ დაიჭირა და ავრცელებდა „მოწოდებებს უკრაინის მხარდასაჭერად“, ხოლო ფონდის ხელმძღვანელობამ „კიევის რეჟიმის საჭიროებებისთვის დამატებითი ბიუჯეტი“ გამოყო.
რუსეთის გენპროკურატურის მოსაზრებით, „ფონდის საქმიანობა ასევე მიმართულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებაზე, საზოგადოების რადიკალიზაციაზე და რუსოფობიის გაღვივებაზე“ .
დღემდე რუსეთმა არასასურველი ორგანიზაციების სიაში 250-ზე მეტი ორგანიზაცია შეიყვანა. რუსული კანონმდებლობის თანახმად ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებამდე რუსეთი როგორც წესი უცხოეთის აგენტებად აცხადებს ორგანიზაციებს და კერძო პირებს.
რუსეთის მსგავსი რეპრესიული კანონმდელობა მიიღო საქართველომ 2024-2025 წლებში.
