რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

რუსეთში ტელეკომპანია Дождь-ის ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპირებასთან დაკავშირებული პოსტის გამო თავისუფლების 10 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2026 წლის იანვარში დაიწყო.
რუსული მედიაპროექტი Осторожно, новости წერს, რომ მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ, თავისუფლების აღკვეთის გარდა, კიჩიგინას ინტერნეტ სივრცეში მასალის გამოქვეყნება 5 წლით აუკრძალა.
სასამართლო კიჩიგინას ორ ეპიზოდზე ედავებოდა: ბუჩაში მომხდარ მოვლენებზე სტატიის გადაზიარებასა და 2023 წელს აგვისტოს ომის წლისთავზე გამოქვეყნებულ ე.წ. სთორისთან დაკავშირებით.
კიჩიგინამ 2023 წლის აგვისტოში დაწერა: “15 წელი საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”. ამ დროს ის რუსეთში იმყოფებოდა. ქვეყანა სთორის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში დატოვა. საქმის მასალებში ირწმუნებოდნენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ “ძიების ღონისძიება” ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაიწყეს. სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის ნოემბერში აღძრეს. 2025 წელს კიჩიგინას ოჯაღში ჩხრეკა ჩაატარეს, ამავე წლის მარტში კი დაუსწრებლად დააკავეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
რუსული მედია წერდა, რომ ეს იყო “რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ამბების გავრცელების” საწინააღმდეგო კანონის ფარგლებში აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდებოდა.
თავად კიჩიგინა ვარაუდობდა, რომ, რეალურად, მისი დევნა ბაიმაკის საქმის გაშუქების გამო დაიწყეს. 2024 წლის იანვარში ბაშკირეთში, ქალაქ ბაიმაკში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების აღძრა მოჰყვა. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაიმაკის სასამართლომ ბაშკირელი აქტივისტი, ფაილ ალსინოვი, შუღლის ან სიძულვილის გაღვივების ბრალდებით დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპროტესტო აქციების დროს მოხდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის.