სინდისის პატიმარი ანტონ ჩეჩინი ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
წერილში, რომელიც ნეტგაზეთს ჩეჩინის ადვოკატმა მიაწოდა, ჩეჩინი ამბობს, რომ მან 6 ივნისს არამწეველთა კამერაში გადაყვანა ითხოვა, რასაც თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობა მოჰყვა.
„მსურდა გადაყვანა არამწეველთა კამერაში. ამ შესახებ მივმართე ციხის თანამშრომლებს. დაახლოებით 19:00 საათის შემდეგ უსაფრთხოების თანამშრომლები მოვიდნენ. ავუხსენი, რა მჭირდებოდა და ვთხოვე, რომ ეს ინფორმაცია დირექტორისთვის გადაეცათ. მათ მითხრეს, რომ დირექტორი არ იმყოფებოდა ადგილზე. ამის შემდეგ გადამიგრიხეს ხელები და სცადეს კამერიდან ძალის გამოყენებით გავეყვანე, მიზეზის განმარტების გარეშე.
დაახლოებით 5–6 თანამშრომელმა ძალის გამოყენებით გამიყვანა კამერიდან. შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი, რატომ მოქმედებდნენ ასე. კამერიდან გაყვანის შემდეგ დაიწყეს ყვირილი და შეურაცხყოფა რუსულ და ქართულ ენებზე.
შემდეგ დაიწყეს ფიზიკური ტკივილის მოყენება და მემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, უფრო მეტად მეტკინებოდა. თანამშრომლებს ვუთხარი, რომ თავში სიმსივნე მაქვს და ვუჩიოდი გულსა და ხელზე ტკივილს. ვთხოვე ექიმის შემოწმება, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ჩემს თხოვნაზე. ამის შემდეგ მიმიყვანეს საკარცერო საკანში, სადაც, დაახლოებით, 2 საათი გავატარე.
დაახლოებით, 22:00 საათზე მიმიყვანეს მედდასთან. ხელი შემიმოწმა, მომცა ტაბლეტი და გამიკეთა ტკივილგამაყუჩებელი ინექცია, რადგან ძლიერი ტკივილი მქონდა. ხელებზე მრავლად მქონდა ჰემატომები და ნაკაწრები, ასევე ტკივილი სახსრების არეში.
ვიცი, რომ რუსეთშიც ციხის თანამშრომლები ზუსტად ასე არღვევენ პატიმრების უფლებებს, რისი მოწმე თავადაც გავხდი დაკავებისას. მინდა, რომ საქართველოში პატიმრებს შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა“, – წერს ანტონ ჩეჩინი.
ნეტგაზეთი ცდილობს სპეციალურ პენიტენციური სამსახურთან დაკავშირებას, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული ანტონ ჩეჩინი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში 2022 წლიდან იმყოფება. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, მანანა სამხარაძე. როგორც მანანა სამხარაძე ჰყვება, ანტონს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეც აქვს მოგებული.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით ადრე, საცხოვრებელ სახლთან სამსახურისკენ მიმავალი დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ანტონს პოლიცია მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სწორედ ამ დროს ჩაუდეს ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც შემდეგ მტკიცებულად წარმოადგინეს. თუმცა საქმეში არ არსებობს ანტონ ჩეჩინის გაჩერებისა და ჩხრეკის ვიდეომტკიცებულება, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაკავებას და ჩხრეკას დაესწრებოდა. პოლიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ანტონ ჩეჩინი წინააღმდეგობას უწევდა და გადაღება ამიტომ ვერ მოახერხეს. ნეიტრალური მოწმის სახით თარჯიმანია წარმოდგენილი, რომელიც მაშინ მივიდა, როდესაც ჩეჩინი უკვე დაკავებული იყო.
ადვოკატი ამბობს, რომ ჩეჩინი წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა და თავად არის მათი მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი.
ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებიან, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
