ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს შესთავაზა ინვესტიცია ჩადოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რკინიგზის აღდგენისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსეთს შეუძლია ინვესტიცია ჩადოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზის აღდგენისთვის, „ტრამპის მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომელიც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. აქ, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება აზერბაიჯანული მხარის თანხმობა“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
