რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექროენერგიის მიწოდების თხოვნით.
საუბარია თითოეული ქვეყნიდან 300 მგვტ ელეტროენერგიის მიწოდებაზე. იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი.
„დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას აზერბაიჯანს და ვთხოვეთ შესაძლო მოწოდება საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ჩვენ ვითხოვეთ ორი მეზობელი ენერგოსისტემის შესაძლებლობები, რომ მიგვაწოდონ ავარიული რეჟიმების პერიოდში“, – თქვა ალექსანდრა პანინამ.
მისი სიტყვებით, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან კომპანიას პასუხი ჯერ არ მიუღია. რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა მიმდინარე შესაძლო მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. უწყებიდან პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
ამასთან, კომპანია „ინტერ რაო“ შემოდგომაზე საქართველოში 300 მგვტ ელექტროენერგიის ექსპორტირებას აპირებს.
„სამწუხაროდ, სამხრეთში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით ჩვენ არ ველით მიწოდების განსაკუთრებით დიდ მოცულობებს. მაგრამ ახლაც ვაწვდით საქართველოს. ჯერჯერობით მცირე მოცულობა გვაქვს, რაზეც შეთანხმებაა “სისტემის ოპერატორთან”, ხოლო ოქტომბრის განმავლობაში გვექნება რეგულარული მიწოდება საქართველოში“, – განაცხადა მან.
“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის” ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ “კავკასიონის” ელექტოგადამცემი ხაზით რუსეთიდან საქართველოსო 47 მგვტ ელექტროენერგია მიეწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საქართველომ 864.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა თურქეთს, 137.4 მლნ კვტ/სთ სომხეთს, 40.1 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანს, მხოლოდ 1.2. მილიონი კვტ/სთ რუსეთს.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან იმპორტმა (იანვარ-მარტში) 417.6 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველოს აზერბაიჯანიდან – 47,7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო.