რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს – კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს – 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება.
„2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი – მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ ს ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში – ეს არის 30 წლის ჰორიზონტი – საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსეთი პროგნოზირებს, რომ „მათი ყველა პრობლემა 2025 წლის ზაფხულში დაიწყება, რადგან ერთად გაერთიანდება ფინანსური და ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები.
„ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2025 წლის ზაფხულში, მათი ქვეყნისთვის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება შესამჩნევი გახდება“, – დასძინა ბუდანოვმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მწვავე ხდება არმიაში პერსონალის დეფიციტის საკითხი. „უკვე 2025 წლის ზაფხულში მოსკოვი დადგება დილემის წინაშე – გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია ან შეამციროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რაც საბოლოოდ შეიძლება მტრისთვის გახდეს კრიტიკული“, – დასძინა ბუდანოვმა.
წყარო: interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ