,,რუსეთს ბევრჯერ შეუწყვეტია დიზელის მოწოდება და ხშირად გაურკვეველი დროით, მაგრამ ჩვენთან საწვავის დეფიციტი არ შექმნილა და არც შეიქმნება”- ვახტანგ იობაშვილი
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთში, დღეიდან 31 აგვისტომდე ბენზინის ექსპორტი იკრძალება. შეზღუდვა მხოლოდ არამწარმოებელ კომპანიებზე ვრცელდება და წყაროს განმარტებით, მიზეზი საწვავზე მაღალი მოთხოვნაა.
2024 წელს დივერსიფიკაციის შედეგად, მართალია რუსული საწვავის წილი ქართულ ბაზარზე შემცირდა, თუმცა რუსეთი ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება მომხმარებლების პრეტენზია, რომ რიგ ავტოგასამართ სადგურებზე პრემიურ ხარისხის საწვავს ვერ იღებენ, მიზეზი კი მათთვის უცნობია.
ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიუმ ხარისხის საწვავზე შეფერხება, შესაძლოა ერთეული პრობლემა მართლაც იყოს, თუმცა მათი განმარტებით, ბაზარზე პრემიუმ ხარისხის საწვავის დეფიციტი არ არსებობს.
რაც შეეხება რუსული მხარის ქმედებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, ეს ჩვენთვის უცხო პრობლემა არ არის და და ქართული ბაზარი მსგავსი შემთხვევებისთვის მზადაა.
„ქართულ ბაზარზე დეფიციტში არანაირი საწვავი არ გვაქვს, ავტოგასამართ სადგურებზე ყველანაირი საწვავის მარაგია.
რაც შეეხება რუსეთის განცხადებას, რომ რუსეთი გვიზღუდავს ნავთობის მოწოდებას, ანუ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი იკრძალება, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პირველად არ ხდება და არც რაიმე სახის სიახლეა ჩვენთვის.
არსებობს ყოფილი სსრკ-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც ნავთობს გარკვეული ფასდაკლებით იღებენ, მაგრამ ჩვენ ასეთი შეღავათი არასდროს გვქონია, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ტვირთის ტრანსპორტირება ადვილი იყო. ნავთობპროდუქტი როცა საზღვაო გადაზიდვის დროს პორტში შემოდის, ჯერ ტვირთი უნდა განაწილდეს შემდეგ კი ტერმინალიზაცია გაიაროს, ეს დამატებითი ხარჯია, ასევე გასათვალისწინებელია გემიდან ამოტუმბვა, გადატუმბვა, მერე რკინიგზის ვაგონებში გადატანა. რუსეთიდან კი ტვირთი პირდაპირ რკინიგზის ვაგონებით მოდის.
რუსეთს ბევრჯერ შეუწყვეტია ნავთობის მოწოდება და ხშირად გაურკვეველი დროით, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთან ნავთობის დეფიციტი არ შექმნილა და არც შეიქმნება.
შეიძლება საწვავის მოწოდებამ ბაზრიდან დააგვიანა, სიცხის გამო შესაძლოა მიწოდების პრობლემა შეიქმნა. პრემიუმ საწვავზე, ისე როგორც სხვა კატეგორიაზე დეფიციტის პრობლემა არ არსებობს. რუსეთის ქმედებით ქართული სანავთობო ბაზარი არანაირად არ დაზარალდება“,- აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
