რუსეთის მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის გამო, 7 დეკემბერს მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის ცნობით, რუსეთმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა 5 ბალისტიკური რაკეტისა და სხვადასხვა ტიპის 241 დრონის მეშვეობით. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 179 სამიზნის ჩამოგდება შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1600-ზე მეტი დრონი, 1200 მართვადი საავიაციო ბომბი და 70 რაკეტა გაუშვა.
„ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ინფრასტრუქტურაა, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებას უზრუნველყოფს. დარტყმა იყო დღესაც: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებებია შვიდ ოლქში. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები სლავიანსკსა და ჩერნიჰივის ოლქში“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას თავდაცვის გასაძლიერებლად.
„პრიორიტეტი აშკარაა — მეტი სისტემა და რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის, მეტი მხარდაჭერა ჩვენი დამცველებისთვის. თითოეული შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს“, — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.




