რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა კრივი-რიჰში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, კროპივნიცკისა და ხმელნიცკში.
კროპივნიცკში, თავდასხმის შედეგად, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია 7 და დაზიანებულია 35 სახლი. არიან დაშავებულები, მათი რაოდენობა ზუსტდება.
კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, რუსებმა შეტევა დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები. წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 2 და დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლი. თავდასხმა განხორციელდა ვინიცის ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზეც. საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დნიპროს „კინჟალის“ რაკეტებით შეუტიეს. ხარკოვის მერის, იგორ ტერხოვის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.