რუსეთმა სამხედრო გემები გაგზავნა მეგზურობის გასაწევად ტანკერისთვის, რომელიც ატლანტის ოკეანეში ცდილობს აშშ-ის ძალებისგან „გაქცევას“. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News-ი და გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსეთს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. რუსული მხარისგან კომენტარის მიღება ვერც სააგენტო Reuters-მა შეძლო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 17 დეკემბერს გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება. დეკემბერში აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეშფოთებით აკვირდებიან ტანკერის გარშემო შექმნილ სიტუაციას.
ტანკერი, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა, ამჟამად ნავთობით დატვირთული არ არის.
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს 6 იანვარს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალები ტანკერის აბორდაჟს გეგმავენ.
6 იანვრის ღამის მონაცემებით, გემი იმყოფებოდა შოტლანდიასა და ისლანდიას შორის, სადაც უამინდობა ხელს უშლიდა შესაძლო ოპერაციას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დიდ ბრიტანეთს.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
მადუროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტს ბრალად დასდო საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევა.
· 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
· პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
· 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
· ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ფორუმი




