რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა.
რუსული უწყების ინფორმაციით, გაფრთხილება უკავშირდება “აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბას საქმეს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუხბამ, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ, სასჯელის შემსუბუქების შემდეგ 2 თებერვალს გაათავისუფლეს
“[ეს საქმე მოწმობს] აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ.
ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჩამოსული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ, გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აბუხბა აფხაზეთში 2019 წლის 31 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალად ედებოდა რუსი ტურისტის გაუპატიურება და ძარცვა. 2021 წელს აფხაზეთში მცხოვრებ აბუხბას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.