რუსეთმა ალექსეი ნავალნი ციხეში იშვიათი ტოქსინით მოწამლა, — ამ დასკვნამდე მივიდნენ ხუთი ევროპული ქვეყნის ექსპერტები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალები დამოუკიდებლად შეისწავლეს.
ნავალნის ბიომასალებში, რომლის ქვეყნიდან გატანა მისმა ოჯახმა კონტრაბანდული გზით მოახერხა, აღმოაჩინეს ნივთიერება ეპიბატიდინი — ეს არის სასიკვდილო ტოქსინი, რომელიც 1974 წელს სამხრეთამერიკული შხამიანი ბაყაყის კანში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი სინთეზურადაც მიიღეს. ეს არის ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს მთელი სხეულის დაბუჟებას და შეიძლება, სწრაფად გადაიზარდოს სრულ დამბლაში.
„თანმიმდევრული და კოორდინირებული ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ნავალნის სხეულის ნიმუშებში აღმოჩენილია მომაკვდინებელი ტოქსინი — ეპიბატიდინი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება სამხრეთ ამერიკის შხამიანი ბაყაყების კანში და დიდი ალბათობით, გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, ეს ლეტალური ტოქსინი გამოეყენებინა ნავალნის წინააღმდეგ მისი პატიმრობის პერიოდში ციმბირის კოლონიაში, და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლად მივიჩნევთ მის სიკვდილზე. ეპიბატიდინი ბუნებრივად გვხვდება სამხრეთ ამერიკაში ველურ გარემოში მცხოვრებ შხამიან ბაყაყებში. ტყვეობაში მყოფი ბაყაყები ამ ტოქსინს არ წარმოქმნიან და იგი ბუნებრივად რუსეთში არ გვხვდება. ნავალნის სხეულში მისი არსებობის ბუნებრივი ახსნა არ არსებობს. რუსეთმა ცინიკურად შეიმუშავა და გამოიყენა ეს შხამი ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევით. რუსეთის უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედებები, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსული სახელმწიფო კვლავ და კვლავ აჩვენებს, რა უკიდურეს ზომებს მიმართავს ადამიანების დასაშინებლად და დემოკრატიის დასასუსტებლად“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისის განცხადებაში.
ლონდონის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა შვედეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ერთად იმუშავა ნავალნის გარდაცვალებაზე სიმართლის დასადგენად. ისინი ალექსეი ნავალნის ქვრივთან, იულია ნავალნისთან ერთად ერთობლივი განცხადების გაკეთებას მიუნხენის კონფერენციაზე გეგმავენ.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სახელმწიფომ ეს ლეტალური ტოქსინი გამოიყენა ნავალნის წინააღმდეგ, მისი პოლიტიკური საქმიანობის შიშით“, — ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებულმა სამეფომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას აცნობა რუსეთის მიერ კონვენციის აშკარა დარღვევის შესახებ და აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
იულია ნავალნიმ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ მისი ქმარი ციხეში მოწამვლით მოკლეს.
The Insider-ის გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნავალნის მკვლელობის ბრძანება სავარაუდოდ არ გაუცია.
პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში 2024 წლის 16 თებერვალს დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქმეს კრიმინალური ხასიათი არ აქვს”.
მანამდე ნავალნი მოწამლეს 2020 წელს, რის შემდეგაც გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.




