რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის სამხედრო აეროდრომებზე „კიევის რეჟიმის ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხი უწოდა უკრაინაზე 9 ივნისს განხორციელებულ მასირებულ იერიშს.
დღის მეორე ნახევარში თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით და საჰაერო ბაზირების შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებული დარტყმა მიაყენეს აეროდრომს, სადაც უკრაინის ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები არიან განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს აეროდრომი როვნოს ოლქის ქალაქ დუბნოს რაიონში მდებარეობს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, უკრაინაში დაარტყეს სამხედრო ტექნიკის საწარმოებსაც და დრონების ამწყობ საამქროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ზოგადად ამბობს, რომ განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობები, სამხედრო ტექნიკა და იარაღი.
რუსეთი ისევ არაფერს ამბობს საცხოვრებელი რაიონების დაბომბვაზე, მათ შორის ქალაქ ზაპოროჟიეში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 9 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 479 დამრტყმელი დრონით და სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტით, მათ შორის 4 აერობალისტიკური „კინჟალით“. სარდლობამ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს 277 დრონი და 19 რაკეტა.
უკრაინას არაფერი უთქვამს როვნოს ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შესახებ. ამასთან, უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილით განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე და ჩუვაშეთის რესპუბლიკაში მდებარე ქარხანაზე, რომელიც სამხედრო დაკვეთებს ასრულებს.
2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სულ მცირე სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.
6 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასირებულ შეტევას, დღევანდლის მსგავსად უწოდა პასუხი „კიევის რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე“.
ფორუმი
