რუსეთის ფედერაციამ იაპონიასთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი შეთანხმება შეწყვიტა, რომლის ვადა 2024 წლის 21 მაისს იწურებოდა. ამის შესახებ მოსკოვმა ტოკიოს უკვე აცნობა. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რაზეც TASS წერს.
მათ განცხადებაში ასევე წერია, რომ იაპონია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას ხელმძღვანელობით ახორციელებს უხეშ ანტირუსულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სანქციების განხორციელებას და სხვა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, ისევე როგორც სამხედრო აქტივობის გაძლიერებას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.
„ამ პირობებში მოსკოვი შეუძლებლად მიიჩნევს არამეგობრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ისეთ საკითხებში, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც მოიცავს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ ორმა ერმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა ბირთვული იარაღის შემცირების თანამშრომლობის კომიტეტი და სწორედ მაშინ მოეწერა ხელი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობის ხელშეწყობას.