უკრაინაზე შაბათ ღამით რუსეთმა დრონებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში მიიტანა. ათობით „შაჰიდის“ დრონის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი.
უკრაინულმა სარდლობამ რეკორდული უწოდა იმ დრონების რაოდენობას, რომლებმაც 25 ნოემბრის ღამეს განახორციელეს საავიაციო იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობაში ლაპარაკია დაახლოებით 75 უპილოტო თვითმფრინავზე, რომელთაგან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 71 ჩამოაგდო. “ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავების უმეტესობა, სამწუხაროდ, და არა ყველა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის საავიაციო იერიშის მთავარი სამიზნე იყო კიევი, რომლის მიმართულებითაც რუსეთმა გაუშვა 60-მდე დრონი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლები და უკრაინული მედია იუწყებიან, აფეთქებების ხმა გაისმოდა დედაქალაქში.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში დაზიანდა ხუთსართულიანი შენობა, საბავშვო ბაღი და არასაცხოვრებელი შენობა.
საავიაციო იერიშის შედეგად, ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გათიშეს, კიევში 77 საცხოვრებელი კორპუსი და 120 დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და უპილოტო საფრენი მოწყობილობების შეტევის ფონზე, კიევს ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები ესტუმრნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა საავიაციო იერიში განახორციელა იმ დროს, როდესაც უკრაინაში აღინიშნება „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის 90-ე წლისთავი – საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინაში გამოწვეული მასობრივი შიმშილი, რომელიც უკრაინასა და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს.