რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს ტყვეები ფორმულით „246 – 246-ზე“. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უფრო ადრე გაცვლაზე დაწერა რუსული მოძრაობის “Наш выход” ტელეგრამ-არხმა.
„კეთილი ნებით უკრაინას გადაეცა 31 დაჭრილი სამხედრო ტყვე, სანაცვლოდ 15 დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურისა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გაცვლის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამჟამად რუსი სამხედროები ბელარუსში იმყოფებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა სამხედრო ტყვეების გაცვლა რუსეთთან. მან დაწერა, რომ რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდნენ 277 უკრაინელი სამხედრო.
გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიის თანამშრომლები, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები და მესაზღვრეები.
„ისინი იცავდნენ მარიუპოლს და სხვა მიმართულებებს დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქებში… მადლობა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენი ხალხის დაბრუნება. განსაკუთრებით მადლობელი ვარ არაბთა გაერთიანებული საამიროების მედიაციისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული, ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა სულ 4552 ადამიანი, მათ შორის, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.