რუსეთმა და დასავლეთმა 26 პატიმარი გაცვალეს — მედია

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. შეთანხმებაში 7 ქვეყანა მონაწილეობდა და გაცვლა 24 ადამიანს შეეხო.
ოფიციალური ინფორმაცია გაცვლილთა ვინაობის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა თურქეთმა დაადასტურა თავისი შუამავლობა შეთანხმების მიღწევაში.
„ბოლო წლებში 7 სხვადასხვა ქვეყნის (, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია, და ბელარუსი) ციხეებში მყოფი 26 პატიმრის ყველაზე დიდი გაცვლის ოპერაცია ხუთშაბათს ანკარაში, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამმართველოს შუამავლობით განხორციელდა“, — ციტირებს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT Haber-ის დაზვერვის სამსახურის განცხადებას.
დეპარტამენტის ცნობით, 10 გაცვლილი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რუსეთში გაემგზავრება, 13 — გერმანიაში, 3 კი — აშშ-ში.
The Insider-ის (დაუდასტურებელი) ცნობით:
· რუსეთმა გაათავისუფლა 15 ადამიანი: ევან გერშკოვიჩი, ვლადიმერ კარა-მურზა, ლილია ჩანიშევა, ილია იაშინი, ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, პოლ ველანი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დემურ ვორონინი, კევინ ლიკი, პატრიკ შებელი, ჰერმან მოიჯესი, ვადიმ ოსტანინი;
· ბელარუსი ათავისუფლებს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს, რომელსაც სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი თითქოსდა „უკრაინის სპეცსამსახურებისთვის“ მუშაობისთვის.
· შეერთებული შტატები ათავისუფლებს ბიზნესმენ ვლადისლავ კლიუშინს, ჰაკერ რომან სელეზნევს, კონტრაბანდულ ქსელში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვადიმ კონოშჩენკოს;
· პოლონეთმა გაათავისუფლა სავარაუდოდ „გრუს“ აგენტი პაველ რუბცოვი, რომელიც ჟურნალისტად ასაღებდა თავს და რუსეთ-პოლონეთის საზღვარზე 2022 წლის თებერვალში დააკავეს;
· ნორვეგიამ გაათავისუფლა მიხაილ მიკუშინი, ნორვეგიელი არალეგალი ემიგრანტი, რომელიც „გრუსთვის“ მუშაობდა.
· სლოვენია ათავისუფლებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ არტემს და ანა დულცევებს.
· გერმანია ათავისუფლებს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ვადიმ კრასიკოვს.
ვადიმ კრასიკოვი სასჯელს იხდის გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ორმაგი — ამერიკის და რუსეთის — მოქალაქეობის მქონე რადიოჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რუსეთში 2023 წლის ივნისში, რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25-წლიან სასჯელს იხდიდა. მეორე რუსი პოლიტიკოსი ილია იაშინი 2022 წლის 13 ივლისს დააკავეს „პოლიტიკური ზიზღის მოტივით რუსულ არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ იაშინს ბრალი წარედგინა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ მოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაზე განცხადებების გამო. 2022 წლის დეკემბერში მოსკოვის მეშანსკის სასამართლომ იაშინს 8.5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
The Insider-ის სიაში მოხსენიებული დემური ვორონინი, რომელიც სხვა საერთაშორისო მედიების ინფორმაციებში არ ფიგურირებს, „მედუზას“ ცნობით, არის პოლიტოლოგი, რომელსაც ჟურნალისტ ივან საფრონოვის საქმეზე ღალატის ბრალდებით 13 წელი მიუსაჯეს. გამომძიებლების თქმით, 2015 წელს საფრონოვმა ვორონინს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობის გარდა, გერმანიის მოქალაქეობაც ჰქონდა, გადასცა ინფორმაცია სირიაში რუსული ჯარების შესახებ. თავად საფრონოვს, ღალატის ბრალდებით, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტის სახელი გაცვლით სიებში არ ფიქსირდება.
რუსეთის მიერ გათავისუფლებულ პირებს შორის არიან ს შტაბის ყოფილი წევრები: ქსენია ფადეევა, ლილია ჩანიშევა და ვადიმ ოსტანინი. რუსეთსა და დასავლეთს შორის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე წელია სხვადასხვა არხებით მიმდინარეობს და ის უნდა შეხებოდა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისაც, რომელიც ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.
The Insider-ის ცნობით, შეთანხმება გაჭიანურდა რამდენიმე მიზეზით — თავდაპირველად კრემლმა საჭიროდ ჩათვალა მოლაპარაკება მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და კრასიკოვის გაცვლა ამერიკელ ჟურნალისტში, თუმცა გერმანიის გარეშე შეუძლებელი გახდა. მოლაპარაკებებს ართულებდა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბარბოკი თვლიდა, რომ კრასიკოვის მკვლელის გათავისუფლება მიუღებელი და ცუდი სიგნალი იყო.
„თუმცა, 2023 წლის ოქტომბრისთვის, ზოგადად მიღწეული იქნა კონსენსუსი, სადაც გაცვლის მთავარი ფიგურები კრასიკოვი და ნავალნი იყვნენ. თუმცა რუსეთი ბოლო მომენტამდე არ ადასტურებდა, რომ მზად იყო ნავალნის გაცვლისთვის. შედეგად, გაირკვა, რომ პუტინს ნავალნისთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა — ის ციხეში მოკლეს, რის შემდეგაც დასავლეთს მოლაპარაკებებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა“, — წერს The Insider.

ასევე დაგაინტერესებთ