„რუსეთმა დაკარგა სამხრეთ კავკასია, საქართველო რჩება რუსეთის ჰოლდინგში“ – ინტერვიუ

„თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა.
ამ შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია,“ – ამბობს კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას -ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე ვესაუბრეთ.
ჯეი დი ვენსმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანსა და -ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, ფაშინიანს კი, ვენსმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოახლოებულ არჩევნებში.
რა იცვლება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით? – „ბათუმელებმა“ გიორგი მჭედლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებზე.
· ბატონო გიორგი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთს და აზერბაიჯანს სტუმრობს. ის არ ჩამოვა საქართველოში, რომელიც აქამდე სამხრეთ კავკასიაში ლიდერ ქვეყნად მოიაზრებოდა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიზიტში?
ვიზიტი გუშინ დაიწყო. სომხეთში ჩავიდა ვენსი, დღეს აზერბაიჯანშია და იქაც ექნება რამდენიმე შეხვედრა. შეხვედრებს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაშია.
როდესაც გაჟღერდა ტრამპის საგარეო პოლიტიკის დოქტრინა, ბევრი ეჭვი გაჩნდა იმაზე, რომ შედარებით იზოლაციონისტური პოზიცია ექნებოდა შეერთებულ შტატებს, ნაკლები ინტერესი სხვა რეგიონებში. იყო ვერსია, რომ აი, ძირითადად მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას მიხედავს, მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროთი იქნება შემოსაზღვრული ტრამპის ინტერესებიო, მაგრამ არ გამოდის ასე. ტრამპის დერეფნის, სამხრეთ კავკასიის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილის, მნიშვნელოვანი რგოლის განვითარება არის შეერთებული შტატების ინტერესი და ეს არის კარგი გზავნილი დასავლური სივრცისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენი რეგიონისთვის მთლიანად და, რა თქმა უნდა, ცუდი გზავნილი, პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომელიც კარგავს ბერკეტებს სამხრეთ კავკასიაში.
შეერთებული შტატები ეხმარება სომხეთს 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომელიც ითვლება, რომ ნაკლებად უხვია ფულის გაცემის თვალსაზრისით – ყურადღებით ითვლის ყოველ დახარჯულ დოლარს. აშშ სომხეთს 9 მილიარდით ეხმარება იმისათვის, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება განავითაროს, რომ გახდეს რუსეთისგან დამოუკიდებელი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯია. ათწლეულების მანძილზე სომხეთს ხშირად ეშინოდა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მეტწილად ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დამოკიდებული იყო რუსეთზე.
· ეს მკაფიო პოლიტიკური განაცხადის გარდა, სომხეთისთვის არის გრძელვადიანად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობა? აშშ შევიდა ბირთვული თანამშრომლობის სფეროში – აქამდე სომხეთს ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას მხოლოდ მოსკოვი აწვდიდა…
დიახ. რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა სომხეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. ეს ნაბიჯი ძალიან მკაცრი განაცხადია: სომხეთი მკვეთრად, 100%-ით არის ორიენტირებული შეერთებულ შტატებზე და არა რუსეთზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
ყველაფერი ეს სომხეთს ხდის სუვერენულ და დამოუკიდებელ, რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს არის დღევანდელი სომხეთის ლიდერშიპის ხელმძღვანელობის მიზანი. ისიც გასაგებია, რომ ეს მიზანი მარტივად მისაღწევი არაა. სამწუხაროდ, 20 წლის მანძილზე ისეთი მთავრობები, ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდა სომხეთს, რომლებიც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის იმპერიულ ზრახვებს და ბევრი რამ მიჰყიდეს რუსეთს. ახლა ეს ყველაფერი იცვლება არამხოლოდ რიტორიკულად, არამედ პრაქტიკულად.
ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია და რეალურად სამხრეთ კავკასიას მეტი შანსი ეძლევა. რეალურად სომხეთი ხდება ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და საშუალებას მისცემს მას, დამოუკიდებელი პოლიტიკა ატაროს. რამდენჯერმე ვნახეთ წარსულში, როცა სომხეთის მმართველები ცდილობდნენ, მაგალითად, თურქეთთან, ან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგებას. ამ დროს ყოველთვის იყო ე.წ. სპოილერი. სომხეთის მთავრობას ამ თვალსაზრისით მეტი შანსი აქვს, გახდეს დამოუკიდებელი.
· ამ მოცემულობაში რეალურად გავლენის რა ბერკეტები რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში?
რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაჟღერდა გადაცემებში – ლავროვის პრესპიკერი ზახაროვა ამბობდა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვურჩევდი, უფრო ყურადღებით იყვნენ და გაარჩიონ, ვინ არის ნამდვილი მეგობარიო.
გასაგებია, რომ რუსეთს ძალიან არ მოსწონს, რაც ხდება ახლა სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ეს ტონი იქნება უფრო ალბათ მკაცრი და მძაფრი.
გიორგი მჭედლიშვილი
· სიტუაციის სხვაგვარად დაძაბვის შანსი რუსეთს აღარ აქვს? მაგალითად, სომხეთში, გიუმრიში ისევაა რუსული სამხედრო ბაზა.
პრინციპში შეუძლია, მაგრამ იცით რა არის: მთელი რუსეთი იმდენად ჩაეფლო და მიბმულია უკრაინასთან თავის აგრესიაზე, რომ ამის ნაკლები ბერკეტები აქვს. რაც ხდება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და სამხრეთ კავკასიაში, იმის შედეგია, რომ რუსეთს ახლა უკვე ხელი აღარ ეწიფება, როგორც წინათ, ითამაშოს თავისი ჩვეული როლი – „გაყავი და იბატონე“.
რეალურად იგივე ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი მხარს არ უჭერდა სომხეთს, ან აზერბაიჯანს, ის უჭერდა მხარს კონფლიქტს, რომ ყოფილიყო დაძაბულობა, რადგან ეს იყო რუსეთისთვის ძალიან ძლიერი ბერკეტი. ახლა რუსეთს ეს ბერკეტი ხელიდან ეცლება.
· რამდენად განვითარდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, რასაც 2025 წლის ზაფხულში ვაშინგტონში მოაწერეს ხელი? გამოსვლადია, მაგალითად, ის, რომ სომხეთმა თურქეთთან საზღვარი გახსნას?
ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორო ჩაივლის სომხეთში – ივნისამდე 4 თვეა დარჩენილი. თუ არჩევნებში გაიმარჯვა სომხეთის მმართველმა პარტიამ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრობლემა გადალახულია. რუსეთი ალბათ ძალას იკრებს ივნისისთვის. უკვე დანიშნეს სპეცარმომადგენელი – კირიენკო, რომელმაც უნდა მოაქციოს სომხეთი ისევ რუსეთის ორბიტაში.
მართალია, სომხეთში დიდი მხარდაჭერა არ აქვს დღევანდელ მთავრობას, მაგრამ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს: ხვალ რომ იყოს , მმართველი პარტია ალბათ გაიმარჯვებდა, თუმცა 4 თვე დიდი დროა. რუსეთი გაცილებით უფრო ფრთხილად არის და ისე ადვილად ვერ აფუჭებს საქმეს, როგორც წინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბერკეტები მაინც გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, კუნთების თამაში შეუძლია – იგივე გიუმრის ბაზის გამოყენების შანტაჟი და ასე შემდეგ.
რეალურად თუ კიდევ წინ წაიწია სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის მოლაპარაკება, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას. გამოდის, რომ საქართველო რჩება მხოლოდ, რუსეთის, ასე ვთქვათ, ჰოლდინგში. ეს რამდენიმე წლის წინ უტოპიურად ჩანდა, დღეს ძალიან საწყენია, მაგრამ ასეა.
· ვენსის ვიზიტი არის დემონსტრაცია იმის, რომ აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არსებობს, თუ ამავდროულად ახალ ეტაპზე გადადის ეს ურთიერთობები?
ყველა ადმინისტრაციას, ყველა პრეზიდენტს რაღაც ახალი იდეები უჩნდება. ერთი არის ის, რომ სამხრეთ კავკასია არის მნიშვნელოვანი აშშ-თვის – მნიშვნელოვანი რგოლი ევრაზიის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და მეორე შეიძლება იყოს უსაფრთხოების საკითხი.
მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ამერიკის ძლიერდება.
· რას ნიშნავს ამ დროს საქართველოსთვის ის, რომ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ვეღარ ხედავს?
დიახ, რადარზე არ არის საქართველო.
წინა ადმინისტრაციასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის კრიტიკა ძალიან შერბილდა, მაგრამ იგნორის რეჟიმია, ჯერჯერობით არ ფიგურირებს აშშ-ს ინტერესებში საქართველო. არ ვიცი, ასე რატომ არის: ხელი ჩაიქნიეს უკვე საქართველოზე, თუ კიდევ შეეცდება აშშ-ი, რომ რამე გაარკვიოს.
· საქართველოს ვერ უშველის გეოპოლიტიკური უპირატესობა? შუა დერეფნის ახალი განშტოებები შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს გარეშე?
ამ დერეფანს დრო დასჭირდება. საქართველო ბოლომდე თავის როლს არ დაკარგავს. ევროკავშირსაც სჭირდება აღმოსავლეთზე გასვლა. მით უმეტეს, საქართველოში აშენებულია უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც, შეიძლება, მოცულობამ დაიკლოს და განაწილდეს, მაგრამ საქართველო არსად არ მიდის. ის იქნება ისევ რგოლი დასავლეთ-აღმოსავლეთ შორის.
თუმცა საქართველოსთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
· თუ ჩვენ არ გვექნება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, აღარ ვიქნებით საინტერესო დასავლეთისთვის? ისინი აღარ იქნებიან ჩვენი პარტნიორები?
დიახ, ზუსტად ასეა. ჩვენ არ ვართ ცენტრალური აზიის ქვეყანა, ან ზოგიერთი სხვა ქვეყანა, რომელსაც არ აინტერესებს ევროპული გზა.
რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც წინა ათწლეულებში და ახლაც გამოადგება მისი ადგილმდებარეობა, მაგრამ ამას სჭირდება ჭკვიანურად გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს პოლიტიკური განვითარება, კონტაქტები და ურთიერთობები, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვა ქვეყნებთან წმინდა ეკონომიკური, ენერგეტიკული პროექტების სახით. საქართველომ ამას უნდა დაუმატოს პოლიტიკური რეფორმები და პოლიტიკური წინსვლა. საქართველო უნდა გადაიქცეს ევროპულ ქვეყნად.
მხოლოდ ეკონომიკა არაა საკმარისი. ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანი. არ ვაკნინებ აზერბაიჯანს – ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ აზერბაიჯანს არ აქვს ზრახვები, წავიდეს ევროპისკენ, გახდეს ევროპული ქვეყანა. აზერბაიჯანი თანაბრად დაშორებულია დასავლეთისგან და აღმოსავლეთისგან და აწყობს ეს მდგომარეობა. ჩვენთვის კი, მხოლოდ ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს რაღაც დერეფანმა და რკინიგზამ, ნავთობსადენმა, გაზსადენმა, კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა. ჩვენი საზოგადოების ეს დაკვეთა ბოლოს და ბოლოს ამ ხელისუფლების მიერ არის შეტანილი კონსტიტუციაში.
ჩვენ არ გვაქვს, მაგალითად, ნავთობრესურსები. ამიტომაც, ჩვენი პოლიტიკური განვითარება არის ჩვენი ძალიან სერიოზული გარანტია. შეიძლება, ბევრი ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ ეხმარება დასავლეთი უკრაინას, მაგრამ დღეს დგას, როგორც სახელმწიფო იმიტომ, რომ ის დასავლეთისგან იღებს სერიოზულ დახმარებას. რა თქმა უნდა, დგას უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების სიმამაცის გამო, მაგრამ ასევე, დასავლეთის დახმარებით.
ამიტომაც, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია არის დემოკრატიული, ევროპული გზით წასვლა.
· „ოცნების“ პრეზიდენტი, ამბობს, ვენსისგან ურთიერთობის გადატვირთვის პირობა მივიღეო. რამდენად შესაძლებელია, თქვენი აზრით, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების შეცვლა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში?
ეს შეხვედრა მოხდა ოლიმპიადის გახსნაზე, სადაც ყველა ქვეყნის ლიდერი იყო. რაღაც შეხვედრა იყო, ხელი ჩამოართვეს ვენსის და რამოდენიმე წუთი დაელაპარაკებოდა უბრალოდ დიპლომატიური პროტოკოლის და თავაზიანობის გამო. ამის აღქმა, როგორც სერიოზული შეხვედრა, ცოტა გადაჭარბებულია. ეს გამოჩნდება უახლოეს თვეებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მოხარული ვიქნები, თუ ურთიერთობა აშშ-თან გადაეწყობა. კარგი იქნება, თუ ამერიკა იქნება ჩვეულებრივად, კონსტრუქციულად კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად კიდევ მისცემს რაღაც შანსს საქართველოსს, გახდეს სანდო პარტნიორი.
„ქართული ოცნების” დიდი იმედი იყო ის, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია აბსოლუტურად თვალს დახუჭავდა დემოკრატიულ განვითარებაზე.
დემოკრატიის განვითარებაზე შედარებით ნაკლებად არის ორიენტირებული დღევანდელი ადმინისტრაცია, დავუშვათ, ბაიდენთან შედარებით, მაგრამ დღის წესრიგში ეს მაინც არის. ამიტომაც, საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს დღევანდელი მმართველობა იმისათვის, რომ ამერიკისთვის გახდეს საინტერესო პარტნიორი.
არავის არ მოსწონს საქართველოს დღევანდელი ვითარება, მაგრამ ისიც არ მესმის როცა ზოგიერთს უხარია: ნახეთ, როგორ დაისაჯა ხელისუფლებაო. რეალურად ხელისუფლება კი არა მთელი საქართველო ისჯება ამით, რომ ქვეყანა სცილდება პროცესებს, იზოლაციაში ექცევა. ყველასთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ვითარება შეიცვალოს.
· თუმცა რომ ჩამოსულიყო ვენსი საქართველოში, ვის უნდა შეხვედროდა? როცა „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ეს შეკითხვაც არსებობს. უშვებთ, რომ აშშ-მ შესაძლოა დაიწყოს ურთიერთობა „ოცნების“ მთავრობასთან?
ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება: რამდენად აღიარებს შეერთებული შტატები დღევანდელ ხელისუფლებას. თუ უახლოეს თვეებში მოხდება მაღალჩინოსნების ვიზიტი – ვგულისხმობ მსგავს შეხვედრებს, როგორიც ვენსთან იყო – ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამერიკას ნაკლებად ადარდებდეს ლეგიტიმურობა და უფრო ადარდებდეს საქართველოს პოტენციალი.
· ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ: საითკენ მიდის პროცესი ირანში? ირანში მომხდარი ამბები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე
რა თქმა უნდა, ირანი ძალიან ართულებს მთელ ამ განტოლებას რეგიონში, მეორეს მხრივ, ეს ასევე ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობას.
ჩვენ გვახსოვს, როდესაც იყო 12-დღიანი ომი ირანში, რამდენი თვითმფრინავი დაფრინავდა – რეალურად მთელი სამხრეთ კავკასია იყო შევსებული, იმდენი ფრენა იყო. ეს იმის მანიშნებელია, რომ არასტაბილური, არაპროგნოზირებადი ირანის პირობებში – ასევე, ცხადია, დღევანდელი რუსეთის პირობებში – სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა იზრდება.
ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა, ძალიან რთული გეოპოლიტიკით. ამიტომაც არ ვიცი, რას მოიტანს პოტენციური გარე ჩარევა. ჯობია, სიტუაცია განიმუხტოს, დადებითად გადაწყდეს ფართომასშტაბიანი ომის გარეშე.
ირანში მოსახლეობა 90 მილიონია. თუ რაღაც სერიოზული სოციალური რღვევა მოხდა ამ საზოგადოებაში, გასაგებია, რომ იქნება მილიონობით ადამიანი, რომელიც დატოვებს ირანს. ძალიან უნდა ვუთანაგრძნოთ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს შეუქმნის პრობლემა სომხეთს და აზერბაიჯანს, ასევე საქართველოს, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ირანთან. წარმოიდგინეთ, 80-მილიონიან თურქეთს გაუჭირდა 4 მილიონამდე სირიელის ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ირანი იმ დონეზე ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომ ვერ იტყვი ზუსტად, რა ხდება დღეს ქვეყანაში. უცნობია, ჩახშობილია თუ შენარჩუნებულია საპროტესტო მუხტი.
ვნახოთ, უახლოესი პროცესები გვიჩვენებს, რა იქნება.
batumelebi.netgazeti.ge