7 იანვარს რუსეთის ჯარებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოდესის ორი პორტის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, განაცხადა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა.
უკრაინის თემთა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ოლექსი კულებამ, იერიშის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. „თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები და ზეთის კონტეინერები“, დაწერა მან.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმომ „უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ“ განმარტა, რომ დაბომბეს ჩერნომორსკის საზღვაო პორტი, სადაც ცეცხლი გაუჩნდა მცენარეული ზეთის კონტეინერებს. რუსეთის ჯარებმა ასევე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს პივდენის პორტზე, რის შედეგადაც ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
იერიში განხორციელდა კრივოი-როგზეც, იტყობინება ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული. მისი თქმით, ქალაქში დაიჭრა რვა ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ვილკულის სიტყვებით, ასევე პრობლემებია წყლითა და გათბობით მომარაგებაში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადისლავ ჰაივანენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად კრივოი-როგში ზიანი მიადგა ორ კერძო საწარმოს, კრივოი-როგის ოლქში კი დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონის იერიშის შედეგად დაიღუპა ქალი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დროს დრონის განმეორებითი თავდასხმის შედეგად დაშავდა მაშველი.
ფორუმი




